ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-18 მსოფლიო კონგრესი

თარიღი:

2019 წლის 3-6 აპრილს, ქ. დუბლინში ( ირლანდია ) ჩატარდა ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-18 მსოფლიო კონგრესი.

კონგრესის მუშაობაში მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და კლინიცისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვანმა წარმოდგენლობითმა ქართულმა დელეგაციამ, მათ შორის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „უნივერსი“-ს დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო-სასწავლო დარგში პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილმა, ექიმებმა მეან-გინეკოლოგებმა მარინა მდივნიშვილმა და ზეინაბ გაბელაშვილმა.

პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილის მიერ წარმოდგენილმა მოხსენებამ „სპერმის დნმ ფრაგმენტაცია ორსულობის დანაკარგების და უშვილობის მქონე წყვილების მამაკაც პარტნიორებში საქართველოში“ (ავტორები: ჯ.ქრისტესაშვილი, თ.გაგნიძე, ლ.კობალაძე, მ.ქუჩუკაშვილი) უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან იყო ერთადერთი ამ სრულიად ახალ და ინოვაციურ საკითხზე.

არანაკლები ინტერესის ობიექტი გახდა პოსტერული პრეზენტაცია „უშვილობისა და ორსულობის განმეორებითი დანაკარგების ურთიერთკავშირი საქართველოში“ (ავტორები: ჯ.ქრისტესაშვილი, ლ.კობალაძე), რომელშიც წარმოდგენილი იყო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ორ მეტად მნიშვნელოვან პათოლოგიას შორის, რაც მათი მართვის ეფექტურობის გაზრდის საწინდარია.

გარდა ამისა, პროფ.ჯ.ქრისტესაშვილი იყო თანაავტორი კონგრესზე წარმოდგენილი კიდევ 2 მოხსენებისა – „რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბება მოზარდ გოგონებში, რომლებიც დაიბადნენ პცსს ნამკურნალები დედების მიერ“ (ავტორები: ლ.ფხალაძე, მ.უშიკიშვილი, ჯ.ქრისტესაშვილი, ა.ხომასურიძე) და „ასაკი არის გადამწყვეტი მარკერი ინ-ვიტრო განაყოფიერების გამოსავლისა“ (ავტორები: ლ.ბარბაქაძე, ა.ხომასურიძე, ჯ.ქრისტესაშვილი, გ.ცაგარეიშვილი, ნ.ხონელიძე).

რმც „უნივერსის“ ბაზაზე შესრულებული კვლევების სამეცნიერო სიახლე, აქტუალობა, შესრულების დონე და მიღებული შედეგები სრულიად შეესაბამება მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი როგორც კლინიკური საქმიანობის, ასევე ერთობლივი კვლევების ჩატარების მიმართულებით. დაიგეგმა რამდენიმე წამყვანი მეცნიერის სტუმრობა საქართველოში, რათა მოხდეს ქართველი კოლეგებისათვის თანამედროვე უცხოური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

კონგრესზე რეპროდუქციული მედიცინის და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი არჩეულ იქნა ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებულ წევრად.

მსგავი სიახლეები