ორსულობას დასაწყისიდანვე თან ახლავს სპეციფიკური იმუნური ცვლილებები, რაც ნაყოფს უქმნის გარემოს, რომ გადაურჩეს დედის იმუნური სისტემის შეტევას და განვითარდეს მუცლადყოფნის პერიოდში. დედისა და ნაყოფის იმუნოლოგიური დიალოგი, ე.წ. „ორსულობის იმუნოლოგიური პარადოქსი“, სრულიად უნიკალური ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც ყალიბდება ტოლერანტობა ნახევრად უცხო ნაყოფის მიმართ. ასეთი უნიკალური, ნატიფი იმუნური ბალანსის ჩამოყალიბება და შენარჩუნება წარმატებული ორსულობის საფუძველია, ხოლო მისი დარღვევა კი დაკავშირებულია სხვადასხვა სამეანო გართულებებთან.
ნატურალური კილერი უჯრედები (NK უჯრედები) ჩვენი თანდაყოლილი იმუნური სისტემის საკვანძო უჯრედებია, რომლებიც გვხვდება როგორც სისხლში (pNK), ასევე საშვილოსნოში (uNK). ენდომეტრიუმში ისინი წარმოადგენენ ლეიკოციტების ყველაზე უხვ პოპულაციას (70-80%-მდე). არსებობს მათი სხვადასხვა ქვეტიპები:
🔹 მარეგულირებელი (პრო-ფერტილური) CD56+ uNK უჯრედები, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ენდომეტრიუმის ნორმალურ რეცეპციულობაში, იმპლანტაციის/პლაცენტაციის პროცესების სწორად წარმართვაში, ადექვატური სისხლძარღვოვანი ქსელის განვითარებაში, ენდომეტრიუმის იმუნური ჰომეოსტაზის შენარჩუნებასა და ორსულობის წარმატებულად დასრულებაში.
🔹 ციტოტოქსიური CD16+ და CD57+ uNK უჯრედები- მაღალი ციტოტოქსიური პოტენციალის მქონე უჯრედებია, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ციტოტოქსიურ გრანულებს (პერფორინები, გრანზიმები) და ძირითადად პასუხისმგებელნი არიან NK უჯრედების ლიზისურ უნარზე და ციტოტოქსიურობაზე. მრავალი მკვლევარის აზრით, სწორედ ეს ქვეტიპებია ჩართული ორსულობის განმეორებითი დანაკარგების პათოგენეზში. ციტოტოქსიკური NK უჯრედების რაოდენობის მატება, მათი ფუნქციის ზედმეტად გააქტიურება, აგრეთვე იწვევს ენდომეტრიუმის რეცეპციულობის დარღვევას, არასწორ დეციდუალიზაციას, არაადექვატური სისხლძარღვოვანი ქსელის ჩამოყალიბებას და საბოლოოდ, ორსულობის შეწყვეტას.
ენდომეტრიუმში NK უჯრედების პრო-ფერტილურ და ციტოტოქსიურ ქვეტიპებს შორის არსებული ნატიფი ბალანსის დარღვევა ასოცირდება ისეთ პათოლოგიებთან, როგორიცაა პრეეკლამფსია, მკვდრადშობადობა, ნაყოფის ზრდა-განვითარების შეფერხება, ორსულობის სპონტანური და განმეორებითი დანაკარგები, უშვილობა, In Vitro განაყოფიერებების წარუმატებელი მცდელობები. მრავალი მკვლევარის აზრით, ორსულობის უცნობი გენეზის დანაკარგების 50%-ზე მეტი გამოწვეულია სწორედ იმუნოლოგიური მექანიზმების დარღვევებით. ამდენად, ორსულობამდე ჩატარებულ იმუნოდიაგნოსტიკას – uNK უჯრედების განსაზღვრას ენდომეტრიუმში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იგი ხელს შეუწყობს უცნობი გენეზის რეპროდუქციული დარღვევების შესაძლო იმუნური მიზეზების დადგენას, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტების გამოვლენას, იმუნოთერაპიის სამიზნე პაციენტთა ქვეჯგუფის შერჩევასა და პრობლემური ორსულობების სწორად მართვას.
სისხლში pNK უჯრედების რაოდენობისა და მათი სხვადასხვა ქვეტიპების დიაგნოსტიკისათვის იყენებენ გამდინარე ციტომეტრიის მეთოდს, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას NK და სხვა იმუნური უჯრედების რაოდენობასა და მათი აქტივაციის სტატუსზე. ამ მეთოდის გამოყენებისას საჭიროა ახლადაღებული სისხლი. ენდომეტრიუმში uNK უჯრედების განსაზღვრისთვის „ოქროს სტანდარტად“ ითვლება იმუნოჰისტოქიმიური მეთოდი, რომლის საშუალებითაც შეიძლება მოვახდინოთ ამ უჯრედების არამარტო რაოდენობრივი შეფასება, ასევე მათი ლოკალიზაციისა და განაწილების განსაზღვრა ენდომეტრიუმის მთელ სტრომაში. ამისთვის საჭიროა ენდომეტრიუმიდან მცირე ზომის ბიოპტატის აღება ერთჯერადი pipelle კათეტერის საშუალებით, ლუთეინურ ფაზაში. ეს პროცედურა ტარდება ამბულატორიულად და არ საჭიროებს გაუტკივარებას. გამოკვლევის შედეგებს აფასებს რეპროდუქციულ იმუნოლოგიაში სპეციალიზირებული ექსპერტი. მკურნალი ექიმის მიერ ხდება სამკურნალო სტრატეგიების შერჩევა და შემდგომი საკონტროლო გამოკვლევების დაგეგმვა. მეან-გინეკოლოგ მაია ჭიოკაძის მიერ სადოქტორო კვლევის ფარგლებში (DAAD-ის გრანტით 2017, 2018 წწ.) განხორციელებულ იქნა ერთობლივი კვლევა გერმანიის ქ. იენის საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორია „პლაცენტას“ ბაზაზე, რეპროდუქციული იმუნოლოგიის მსოფლიო დონის ექსპერტის პროფ. უდო მარკერტის ხელმძღვანელობით, სადაც შესწავლილ იქნა ქართული პოპულაციის ენდომეტრიუმის ნიმუშებიც. დღემდე მჭიდრო კონტაქტში ვართ ჩვენს გერმანელ კოლეგებთან და ვსახავთ ახალ ერთობლივ პროექტებს.
მაია ჭიოკაძე- მედიცინის დოქტორი, ექიმი მეან-გინეკოლოგი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის წევრი.

