რომელ დაწესებულებას უნდა მიმართონ წყვილებმა უნაყოფობით?
გასაგებია, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლი ასეთ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფს უნაყოფო წყვილების სრულყოფილ გამოკვლევას და მკურნალობას და შესაბამისად იკარგება წლები და ფინანსები უშედეგოდ. ამდენად, მიზანშეწონილია, რომ უნაყოფობის გამო წყვილებმა თავიდანვე მიმართონ სპეციალიზირებულ დაწესებულებას, რომელშიც შეძლებენ ჩაიტარონ კომპლექსური, სრულყოფილი თანამედროვე დონის გამოკვლევა ( 3 D ულტრაბგერითი გამოკვლევა, რენტგენოლოგიური ჰისტეროსალპინგოგრაფია, ჰისტეროსკოპია, ლაპაროსკოპია , ჰორმონული , გენეტიკური, იმუნოლოგიური კვლევები ) და მკურნალობა როგორც კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდებით, ასევე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მეთოდების გამოყენებით. ამასთან ასეთ დაწესებულებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს გააჩნია სათანადო ცოდნა და გამოცდილება. უნაყოფობის შემთხვევებში მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკის და მკურნალობის გარდა სწორი პროგნოზირებაც. ზოგ შემთხვევებში, მაგ. საშვილოსნოს არარსებობისას ნათელია, რომ ბუნებრივი გზით დაორსულება შეუძლებელი იქნება და თავიდანვე იგეგმება სუროგაციის პროგრამაში ჩართვა. თუ საშვილოსნოს მილები გაუმტარია ან ამოკვეთილი ორსულობის მისაღებად ინ ვიტრო განაყოფიერება ერთადერთი ალტერნატივაა. სხვა შემხთვევებში კი ჯერ უნდა იცადოს კონსერვატიული თუ ქირურგიული მკურნალობის გამოყენებით ბუნებრივი გზით ორსულობის მიღწევა, მაგრამ ეს პერიოდიც არ უნდა იყოს უსასრულო . თუ ორსულობა არ იქნა მიღწეული ოპტიმალურია დაახლოებით 2 წლის შემდეგ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენება (ინსემინაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება). არ არის გამართლებული ასევე ამ ტექნოლოგიების გამოყენება უნაყოფობის მკურნალობის მიზნით საწყისს ეტაპზე ბუნებრივი გზით დაორსულების მცდელობამდე, სადაც ეს შესაძლებელია.
უნაყოფობის მიზეზის დადგენის შემდეგ თუ პრობლემა ვლინდება მამაკაცში მის მიზნობრივ მართვას აგრძელებს ანდროლოგ – რეპროდუქტოლოგი, რომელიც უსათუოდ მუშაობს სპეციალიზირებულ დაწესებულებაში.