IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”

თარიღი:

2016 წლის 5 ნოემბერს ქ. თბილისში სასტუმროში “ჰოლიდეი ინნი” გაიმართა IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”, რომლის ორგანიზატორები იყვნენ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “უნივერსი”, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ორსულობის დანაკარგების მართვის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, საქართველოს ანდროლოგთა ასოციაცია და საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია.

კონფერენციის თემატიკა საქართველოსთვის და მთლიანად მსოფლიოსათვის რეპროდუქციული მედიცინის მეტად აქტუალურ პრობლემატიკას – შეწყვეტილ ორსულობებს და უშვილობას მოიცავდა. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო კვლევების შედეგები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა ბევრად უფრო ეფექტიანს გახდის აღნიშნულ პათოლოგიათა მართვას.

კონფერენციაზე წარმოდგენილ ნაშრომებს არა მარტო სამეცნიერო, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც გააჩნიათ, ამიტომაც კონფერენციის ორგანიზატორთა მიერ ამგვარი ღონსძიებების ჩატარებას უკვე ტრადიციული სახე მიეცა და ეს საშუალებას იძლევა პერიოდულად მოხდეს მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო მიღწევების, დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის. კონფერენციას დაესწრო სხვადასხვა სპეციალობის 250-მდე ექიმი თბილისიდან, საქართველოს რეგიონებიდან და უცხოეთიდან.

კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგნენ მოწვეული სტუმრები: მედ.მეც.დოქტ. პროფ. რევაზ ბოჭორიშვილი – კლერმონ-ფერანის (საფრანგეთი) ენდოსკოპიური გინეკოლოგიისა და ქირურგიის საერთაშორისო ცენტრის (CICE) ხელმძღვანელი და მედ.მეც.დოქტ. პროფ. ნანა თეთრუაშვილი, მოსკოვის (რუსეთი) მეანობა-გინეკოლოგიისა და პერინატოლოგიის ს/კ ცენტრის ორსულობის დანაკარგების პრევენციისა და თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი).

კონფერენციაზე წარმოდგენილი უახლესი ინფორმაციის მიღება სპეციალისტთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი მაღალეფექტური საშუალებაა. კონფერენცია იყო აკრედიტებული და ყველა მონაწილემ მიიღო 15 უპგ ქულა და შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მსგავი სიახლეები