უნაყოფოდ განიხილება წყვილი, როდესაც 1 წლის განმავლობაში რეგულარული, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების ფონზე არ აღინიშნება ორსულობა. უნაყოფობის სიხშირე შვილოსნობის ასაკის წყვილებში სხვადასხვა კვლევებით 10 – 15% შეადგენს. ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, უნაყოფობის მიზეზთა სტრუქტურა შემდეგნაირად ფასდება: მამაკაცის ფაქტორით განპირობებული – 40%, ქალის ფაქტორით განპირობებული – 40 %, კომბინირებული ( ქალი და მამაკაცი ერთდროულად) – 10 % , უცნობი გენეზის უნაყოფობა – 10 %.
თავისთავად ქალისა და მამაკაცის უნაყოფობას სხვადასხვა მიზეზები აქვს. მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობა ცალკე იქნება განხილული.
ქალის უნაყოფობის ყველაზე ხშირ მიზეზებს წარმოადგენს ენდოკრინული უნაყოფობა (ოვულაციის დარღვევა, ანოვულაცია ) – 30-40 % და მილისმიერი და პერიტონეალური უნაყოფობა – 30-40 %.
რა არის ოვულაცია? – ოვულაცია გულისხმობს საკვერცხეში არსებული ფოლიკულის (კვერცხუჯრედების შემცველი სითხური ჩანართები საკვერცხეში ) გასკდომას და კვერცხუჯრედის გადმოსვლას საკვერცხიდან. ნორმაში ოვულაციას ადგილი აქვს მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში და ამიტომ ეს პერიოდი არის განაყოფიერებისათვის ოპტიმალური. ოვულაციის არ არსებობას აღნიშნავენ ტერმინით ანოვულაცია.
ანოვულაციური უნაყოფობის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, ასევე ჰიპეროპროლაქტინემია ( პროლაქტინის დონის მომატება სისხლში). ანოვულაცია შეიძლება აღინიშნოს ასევე ქალებში სხვა ენდოკრინული დარღვევებით, როგორებიცაა თირკმელზედა ჯირკვლების გენეტიკურად განპირობებული ფერმენტული დეფიციტი (ადრენოგენიტალური სინდრომი), ჰიპოთირეოზი, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოფიზარული ჰიპოგონადიზმი და სხვ.
რას გულისხობს ტერმინები მილისმიერი და პერიტონეალური უნაყოფობა. იმისათვის, რომ მოხდეს განაყოფიერება კვერცხუჯრედთან შესახვედრად სპერმატოზოიდები უნდა გადაადგილდნენ საშვილოსნოს გავლით საშვილოსნოს მილებში და მცირე მენჯის ღრუში. ეს შეუძლებელია თუ საშვილოსნოს მილები არის გაუმტარი, დახშული და გართულებულია მენჯის ღრუში არსებული შეხორცებებისას. ასეთ შემთხვევებში ნათელია, რომ ორსულობა ვერ დადგება.
საშვილოსნოს მილების დახშობის, საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანის ანთებითი დაზიანების (ქრონიკული ენდომეტრიტი) და მცირე მენჯის ღრუს შეხორცებების ცნობილი მიზეზებია ქრონიკულად მიმდინარე სასქესო ინფექციები ( ქლამიდიოზი, გონორეა,ურეაპლაზმოზი) და ენდომეტრიოზი. ენდომეტრიოზი არის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება, რომელიც განპრიობებულია საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსის ( ენტომეტრიუმის) მსგავსი ქსოვილების არსებობით არა საშვილოსნოს ღრუში, არამედ მაგალითად საშვილოსნოს კუნთოვან შრეში,საკვერცხეებში, მენჯის ღრუში და შესაძლოა სხვა ორგანოებშიც. ენდომეტრიალური კერებიდან გამონაჟონი სითხე აზიანებს გარშემო მყოფ ქსოვილებს, იწვევს შეხორცებებს.
ენდომეტრიოზის კლინიკური გამოვლინებებია ქრონიკული ტკივილი მენჯის არეში, მტკივნეული მენსტრუაციები და სქესობრივი აქტი და სხვა. საშვილოსნოს ენდომეტრიოზი (ადენომიოზი) ხშირად ვლინდება ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაციებით და შემდგომ ანემიით. ადენომიოზის დროს მცირდება ორსულობის ალბათობა. საშვილოსნოს მილების ენდომეტრიოზი ვლინდება მათი გამავლობის დარღვევით, ხშირია მენჯის ღრუში განვითარებული შეხორცებითი პროცესის თანდართვა. ორივე ეს ფაქტორი განაპირობებს უნაყოფობას. საკვერცხეებში ენდომეტრიოზი ვლინდება ენდომეტროიდული ცისტებით, რომელთა გამონაჟონი აზიანებს გარშემო მყოფ ფოლიკულურ აპარატს და აქვეითებს მათ ფუნქციას, რაც ასევე აისახება ორსულობის დაქვეითებული პოტენციალით.
უნაყოფობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი ანომალიები, რომელებიც ვლინდება საკვერცხის ან საშვილოსნოს ორსულობისთვოს არასრულყოფილი განვითარებით. სასქესო X ქრომოსომის რიცხობრივი და სტრუქტურული დარღვევები განაპირობებს სასქესო ჯირკვლებში ფოლიკულური აპარატის საერთოდ არ არსებობას, ან მეტად მწირი სახით წარმოდგენას, რაც გამოვლინდება არა მარტო უნაყოფობით, არამედ სქესობრივ განვითარებაში ჩამორჩენით და ამენორეით (მენსტრუაციების არარსებობა).
რიგ შემთხვევებში გარეგნულად ნორმალურ ქალში შეიძლება არ არსებობდეს საშვილოსნო და საშოს ზემო ორი მესამედი, ასეთ შემთხვევეში ცხადია ბუნებრივი გზით დაორსულება გამორიცხულია. საშვილოსნო შეიძლება იყოს ორქიანი, ტიხრიანი, ერთრქიანი, T – ს ფორმის და სხვა, რაც ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ლორწოვანში ნორმალური ჩანერგვას და განვითარებას. ასეთ შემთვევებში ხშირია ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა.
გარდა საშვილოსნოს თანდაყოლილი ანომალიებისა ორსულობის დადგომისთვის ხელშემშლელ ფაქტორებად გვევლინება საშვილოსნოს ისეთი შეძენილი პათოლოგიები, როგორებიცაა ანთებითი პროცესის შედეგად განვითარებული მკვეთრად გამოხატული შეხორცებები საშვილოსნოს ღრუში, საშვილოსნოს ღრუს პოლიპი, საშვილოსნოს მიომა და სხვ.
რიგ შემთხვევებში ( 5%) საშვილოსსნო ღრუში სპერმატოზოიდების შეღწევას ხელს უშვლის საშვილოსნოს ყელში მათი ბლოკირება ანტისპერმული ანტისხეულებით. იმუნოლოგიური დარღვევები რომლებიც განაპირობებენ უნაყოფობას შეიძლება იყოს გამოწვეული ანტისპერმული ანტისხეულების გამომუშავებით მამაკაცის ორგანიზმში. ანტისპერმული ანტისხეულები ვლინდება სისხლში, საშვილოსნოს ყელის ლორწოში, სპერმაში, იწვევს სპერმატოზოიდების შეწებებას და ინაქტივაციას, არღვევს მათ ტრანსპორტს და კვერცხუჯრედში შეღწევას.
რიგ შემთხვევებში დაორსულებას ხელს შუშლის არარეგულარული სქეოსობრივი ცხოვრება, როდესაც შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტები ხდებოდეს განაყოფიერებისათვის არასახრბიელო პერიოდში, როდესაც არ ხდება ოვულაცია. ეს შეიძლება იყოს სოციალური ფაქტორებით განპირობებული, ან იყოს სქესობრივი დისფუნქციების შედეგი, რაც მოითხოვს სექსოლოგის ჩარევას.
რიგ შემთხვევებში უნაყოფობის მიზეზი ვერ დგინდება და განიხილება უცნობი გენეზის უნაყოფობის დიაგნოზი.
ცხადია, როდესაც განვიხილავთ უნაყოფობის საკითხს, უნდა ვიცოდეთ როგორ შევამციროთ მისი განვითარების რისკი. ცნობილია, რომ ქალის მაღალი ასაკი ამცირებს ორსულობის დადგომის შანსს, რაც განპირობებულია 35 წლის ასაკიდან დაწყებული საკვერცხეებში ფოლიკულების რიცხვის შემცირებით და მათი ხარისხის გაუარესებით. იზრდება ასევე ემბრიონში ქრომოსომული დარღვევების (დაუნის სინდრომი) რისკიც და სხვა.
ეს საკითხი დღეს მეტად აქტუალურია, ვინაიდან მთელს მსოფლიოში , მათ შორის საქართველოშიც, ადგილი აქვს ორსულობის გადავადებას უფროს ასაკში. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია რეპროდუქციული მასალების ( კვერცხუჯრედი,ადრეული ემბრიონი) გაყინვა (კრიოპრეზერვაცია) და შენახვა ახალგაზრდა ასაკში და მათი გამოყენება მოგვიანებით.
ენდოკრინული ფაქტორებით განპირობებული უნაყოფობის პრევენცია უნად ემყარებოდეს ამ დარღვევების მკურნალობას და მათი დადგენისთანავე. დიაგნოზი უნდა იყოს დასმული სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე და მკურნალობით უნდა იქნეს მიღწეული ჰორმონული დარღვევების მყარი კომპენსაცია.
ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ მოზარდ პაციენტებს სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევებით ჩატარებული სრულყოფილი გამოკვლევების და მკურნალობის შემდეგ მოზრდილობაში უნაყოფობა არ აღენიშნებოდათ. თუ ჰორმონული ფონის მოწესრიგების და კლინიკური გამოვლინებების ალაგების ფონზე ოვულაცია არ აღდგება, ასეთ შემთხვევებში ტარდება ოვულაციის სტიმულაცია მედიკამენტოზურად. რიგ შემთხვევაში ასეთ პაციენტებში მაგ : ჰიპოფიზარული ჰიპოგონადიზმი, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, მიმართავენ ინ ვიტრო განაყოფიერებას.
მილსიმიერი უნაყოფობის პრევენცია მდგომარეობს სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა დროული და სრულყოფილი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ამასთან აუცილებელ პირობას წარმოადგენს წყვილის (ქალის და მამაკაცის) ერთდროული მკურნალობა.
ენდომეტრიოზის შემთხვევაში რაც უფრო ადრე დგინდება დიაგნოზი და იწყება მედიკამენტოზური მკურნალობა, მით მეტად მცირდება შეუქცევადი პროცესების და უნაყოფობის განვითარების რისკი.
იდეალური სიტუაციაა , როდესაც წყვილი ქორწინებამდე მიმართვას კლინიკას და იტარებს პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და საჭიროებისას მკურნალობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პარტნიორისთვის გადაცემის რისკის შესამცირებლად.
პირველი კითხვები, რომლებიც უჩნდება უნაყოფო წყვილს შემდეგია : როდის უნდა მიმართონ ექიმს? რომელ ექიმს და დაწესებულებას უნდა მიმართონ?
დღეისათვის მიღებულია, რომ ახალგაზრდა წყვილებმა უნდა მიმართონ ექიმს თუ 1 წლის განმავლობაში დაუცველი, რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ფონზე ორსულობა არ დგება. 35 წლის ასაკიდან და მასზე უფროსი ასაკის ქალების შემთხვევაში ექიმთან მიმართვა უნდა მოხდეს უფრო ადრე – 6 თვეში.
რომელ დაწესებულებას უნდა მიმართონ წყვილებმა უნაყოფობით? გასაგებია, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლი ასეთ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფს უნაყოფო წყვილების სრულყოფილ გამოკვლევას და მკურნალობას და შესაბამისად იკარგება წლები და ფინანსები უშედეგოდ. ამდენად, მიზანშეწონილია, რომ უნაყოფობის გამო წყვილებმა თავიდანვე მიმართონ სპეციალიზირებულ დაწესებულებას, რომელშიც შესძლებენ ჩაიტარონ კომპლექსური, სრულყოფილი თანამედროვე დონის გამოკვლევა ( 3 D ულტრაბგერითი გამოკვლევა, რენტგენოლოგიური ჰისტეროსალპინგოგრაფია, ჰისტეროსკოპია, ლაპაროსკოპია ,ჰორმონული , გენეტიკური, იმუნოლოგიური კვლევები ) და მკურნალობა როგორც კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდებით, ასევე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მეთოდების გამოყენებით. ამასთან ასეთ დაწესებულებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს გააჩნია სათანადო ცოდნა და გამოცდილება. უნაყოფობის შემთხვევებში მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკის და მკურნალობის გარდა სწორი პროგნოზირებაც. ზოგ შემთხვევებში, მაგ. საშვილოსნოს არარსებობისას ნათელია, რომ ბუნებრივი გზით დაორსულება შეუძლებელი იქნება და თავიდანვე იგეგმება სუროგაციის პროგრამაში ჩართვა. თუ საშვილოსნოს მილები გაუმტარია ან ამოკვეთილი ორსულობის მისაღებად ინ ვიტრო განაყოფიერება ერთადერთი ალტერნატივაა. სხვა შემხთვევებში კი ჯერ უნდა იცადოს კონსერვატიული თუ ქირურგიული მკურნალობის გამოყენებით ბუნებრუივი გზით ორსულობის მიღწევა, მაგრამ ეს პერიოდიც არ უნდა იყოს უსასრულო . თუ ორსულობა არ იქნა მიღწეული ოპტიმალურია დაახლოებით 2 წლის შემდეგ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენება (ინსემინაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება). არ არის გამართლებული ასევე ამ ტექნოლოგიების გამოყენება უნაყოფობის მკურნალობის მიზნით საწყისს ეტაპზე ბუნებრივი გზით დაორსულების მცდელობამდე, სადაც ეს შესაძლებელია.
უნაყოფობის მიზეზის დადგენის შემდეგ თუ პრობლემა ვლინდება მამაკაცში მის მიზნობრივ მართვას აგრძელებს ანდროლოგ -რეპროდუქტოლოგი, რომელიც უსათუოდ მუშაობს სპეციალიზირებულ დაწესებულებაში.
ქალებში რეპროდუქციულ-ენდოკრინული დარღვევებით (პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, ჰიპოთირეოზი, ჰიპოფიზალური ჰიპოგონადიზმი და სხვა) კონსერვატიული მკურნალობა ტარდება შესაბამისი ჰორმონებით : სასქესო ჰორმონები, ფარისებური ჯირკვლის ჰორმონები, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონები და სხვა. ჰიპერპროლაქტინემიის მკურნალობა ტარდება არაჰორმონული სპეციფიური პრეპარატებით.
ენდომეტრიოზის თერაპია მოიცავს როგორც ჰორმონულ, ასევე საჭიროებისას ქირურგიულ მკურნალობას.
ქირურგიული მკურნალობა საჭირო ხდება საშვილოსნოს ისეთი პათოლოგიების მართვაში, როგორებიცაა საშვილოსნოს ღრუს პოლიპი, მიომა, საშვილოსნოს ღრუს ტიხარი, T-ებრი საშვილონო და სხვა.
უნაყოფობის კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის უშედეგობის შემდეგ განიხილება წყვილის ინ-ვიტრო განაყოფიერების პროგრამაში ჩართვის საკითხი, როგორც ქალის , ასევე მამაკაცის ჩვენებით.